სიახლეები
საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დუშეთში
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, ქ. დუშეთში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ექიმებმა საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში გამოკვლევა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველ პირებს ჩაუტარდა. კერძოდ, ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები.

უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 95-მა პაციენტმა.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს დაესწრნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო გუბერნატორი-რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე, ამავე სამსახურის თანამშრომელი ვაჟა დალაქიშვილი. მათ მედიკოსებს მადლობა გადაუხადეს უანგარო დახმარებისთვის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.
FaceBook Twitter Google