სიახლეები
შუაფხოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
რამენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში, 10 მაისს მდინარე არაგვი კალაპოტიდან გადმოვიდა და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.

ამავე დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი.

მათი ორგანიზებითა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის დახმარებით, მობილიზებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა და დაიწყო კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები.

თუმცა არასტაბილური ამინდის გამო, შპს "ჟინვალს" შეფერხებები შეექმნა და დღევანდელი, 13 მაისის მდგომარეობით, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შალვა წითელაურის თქმით, ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, შუაფხოს მოსახლეობას, საჯარო სკოლას და სოფელში არსებულ საწარმოს, ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება.
FaceBook Twitter Google