მერიის სიახლეები
მარტი
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის გარდაცვალებას. ეს უდიდესი დანაკლისია მთელი ერისთვის. ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი ილია II იყო ჩვენი ქვეყნის მტკიცე საყრდენი, რომლის სიბრძნე და უსაზღვრო სიყვარული უმძიმეს ჟამსაც კი გვმატებდა იმედსა და სულიერ სიმტკიცეს. მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის.
პატრიარქის ღვაწლი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე შეუფასებელია – მან შეძლო ერის სულიერი აღორძინება და დაგვიტოვა სიკეთით, მოთმინებითა და ურთიერთპატივისცემით სავსე გზამკვლევი. ამ უმძიმეს წუთებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სინოდსა და მრევლს.
ჩვენი ვალია, ღირსეულად დავიცვათ ის ფასეულობები, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქი მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი. მისი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ქართველი ხალხის გულში.
კახაბერ ჩიტაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი


