• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    ივლისი
    პრემიერმა დუშეთში და გუდამაყარში მიმდინარე პროექტები მოინახულა


    პრემიერი გაეცნო დუშეთის ისტორიულ უბანში რეგიონული განვითარების მესამე პროგრამით (ღDP3) დაფინანსებულ მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მოინახულა გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია და ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული პროექტები დუშეთს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად აქცევს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულ ფუნქციას შესძენს.

    "დღეს დავათვალიერეთ ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2020 წლის ივნისს დავასრულებთ სამუშაოებს და მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში. ამ რეგიონს აქვს ძალიან უნიკალური ტურისტული პოტენციალი, შესაბამისად, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს."

    პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს მთიანი დასახლებების გაძლიერებას და კიდევ უფრო განვითარებას, სოფლებიდან წასული მოსახლეობისთვის მშობლიურ მხარეებში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნას და აქ არსებული ტურისტული პოტენციალის ზრდას.

    მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "მთის ინტერნეტიზაციის" პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და რომლის შედეგად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ფშავის, ხევსურეთის, და გუდამაყრის ხეობებში იქნება ხელმისაწვდომი.

    პრემიერ-მინისტრთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ: ვიცე-პრემიერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი ტრიპოლსკი და მირიან წიკლაური, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია.