ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის თანამშრომლებთან და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან დავით ოსეფაშვილთან ერთად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა და ამავე დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკა რურუამ ახალი ონლაინ-პლატფორმის http://socreg.mes.gov.xn--ge--kyn/ თაობაზე ისაუბრეს.
აღნიშნულ პორტალზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია უკვე დაიწყო 9 ნოემბერს და 5 დეკემბრის 18:00 საათზე დასრულდება.
2022-2023 სასწავლო წლის საფასურის დაფინანსების მიზნით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებზე.
„მადლობას ვუხდი განათლების სამინისტროს ასეთი გამართული, მოქნილი და სტუდენტებზე მორგებული სისტემის შექმნისათვის და აგრეთვე აღვნიშნავ, რომ მუნიციპალიტეტს გვაქვს სტუდენტების მხარდასაჭერად შექმნილი სოციალური პროგრამა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 100 000 და ნაკლები სოციალური ქულის მქონე წარჩინებულ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ასევე 100 000 და ნაკლები ქულის მქონე სტუდენტს, ვისაც არ ჰყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“ - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
აღნიშნულ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები მჭადიჯვრისა და გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.