• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    ივნისი
    განცხადება!

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ დასახლებებში, ჟინვალის ჰიდროტექნიკური კომპლექსის მიმდებარედ, მშენებლობის ნებართვის გაცემის თემასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებულია, როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი გარემოებები.

    საკითხის თაობაზე, 3 ივნისს, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დაინტერესებულ მხარეებს ამ ეტაპზე არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არ არის დამტკიცებული სანიტარული დაცვის ზონის პროექტი, „წყლის შესახებ“ კანონითა და „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით განსაზღვრული შეზღუდვები, მათ შორის მშენებლობის აკრძალვა, მოქმედებს და სავალდებულოა გასათვალისწინებლად.

    სანიტარული დაცვის ზონის პროექტის დამტკიცება მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა. მერია არ არის უფლებამოსილი, რომ უარი თქვას დადგენილი აკრძალვის არეალის განსაზღვრაზე და გასცეს ნებართვა, საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე, მათ შორის იმ გარემოების მითითებით, რომ არ არსებობს სანიტარული დაცვის ზონის დამტკიცებული პროექტი.

    აგრეთვე, მერია ვალდებულია, ინფორმაციის მისაღებად მიმართოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შესაძლო წყაროს და იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების მომწესრიგებელი ნორმების, წყალმოსარგებლის უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით კი, ამგვარი მიმართვა ლეგიტიმური და მიზანშეწონილია. აქვე, განვმარტავთ, რომ მერიის შესაბამისი სამსახური, ნებართვის გაცემის მიზნით, ინდივიდუალურად შეისწავლიდა, მდებარეობდა თუ არა სამშენებლოდ განსაზღვრული მიწის ნაკვეთი შეზღუდვის არეალში.

    მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „ჯი ვი პი“-ს შორის გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დამცავი ზონის მაქსიმალური შეზღუდვის საკითხი განიხილებოდა.

    ამ ეტაპისათვის შეზღუდვა ვრცელდება დაახლოებით 3 000-მდე მიწის ნაკვეთზე. უწყებებს შორის შეჯერებული მონახაზის დამტკიცების შემდგომ კი, მშენებლობის ნებართვის გაცემა დაახლოებით 2 200 მიწის ნაკვეთზე იქნება შესაძლებელი.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, „ჯივიპის“ მიერ წარმოდგენილი ზონირების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მერიას ექნება შესაძლებლობა დაახლოებით 2 200 მესაკუთრეს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, მისცეს მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულის შემდგომ, მერია შეზღუდვის არეალში დარჩენილი ტერიტორიის შესაბამის კვლევას ჩაატარებს (რაც ნაკლებ რესურსს მოითხოვს) ან შესაძლებელია განხილული იყოს სხვა ალტერნატივა. კვლევის დასრულების შემდეგ კი, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი ჯაფარიძის მხრიდან საუბარი შეეხო კომპენსაციის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დანიშნულებისამებრ გამოყენების შეზღუდვას, რაზეც განვმარტავთ, რომ თუ კვლევის შედეგები გამოიწვევს მესაკუთრის ამჟამინდელი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას ან გაუარესებას, შესაძლებელია, დაიწყოს კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის საკითხის განხილვა.

    ასევე, გაცნობებთ, რომ 22 ივნისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და კომპანია "ჯი ვი პი"-ს შორის, პოზიციების საბოლოო შეჯერების მიზნით, დამატებითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს სანიტარული დაცვის ზონის პროექტი, დადგენილი აკრძალვის არეალის განსაზღვრისა და დამცავი ზონის შეზღუდვის საკითხები.

    რაც შეეხება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მოსახლეობაში გავრცელებულ აზრს, თითქოს ეს ხელოვნურად გამოწვეული პროცესია, რომელიც გზის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, მიზანმიმართულად გააიაფებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყება, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ვერ გაიცემა კომპენსაცია.

    ასევე, მცდარია გარკვეულ პირთა მიერ აპელირებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისამებრ გამოყენება შეიზღუდება. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას და საერთო არ აქვს რეალობასთან, რადგანაც სანიტარული დაცვის ზონის პროექტი ზღუდავს მხოლოდ განაშენიანებას.

    კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვინაიდან ის ეხება სასმელი წყლის სანიტარული დაცვის ზონის პროექტის დამტკიცებას, ხოლო ამ ეტაპზე საკანალიზაციო სისტემის არ არსებობის გამო, განაშენიანება გამოიწვევს წყლის დაბინძურებას, ადგილობრივი ხელისუფლება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად, გაატარებს ყველა შესაძლო ღონისძიებას, რათა დაცული იყოს ყველა მხარის ინტერესები.

    ამასთან, ნებისმიერი მხარის პროტესტი მისაღებია, მაგრამ ის უნდა იყოს ობიექტური, მათ შორის კრიტიკული, თუმცა არავითარ შემთხვევაში მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დესტრუქციას. ამიტომ, საკითხის თაობაზე, ყველას გადამოწმებული და სწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოგიწოდებთ.