• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    მარტი
    დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო 21 მარტს უერთდებიან საინფორმაციო კამპანიას დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ, რომლის წლევანდელი გზავნილიცაა "შენ წყვეტ".

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მაცაცო ნარიმანიძის ინიციატივით, დუშეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საკრებულოს სოციალური კომისიის საკითხთა თავმჯდომარემ, ექიმ-თერაპევტმა გიორგი ასლამაზიშვილმა საინფორმაციო სახის ლექცია წაიკითხა აღნიშნული მდგომარეობის შესახებ.

    მან განმარტა, რომ დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ადამიანში ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში ანუ ტრისომია, ხოლო 21 მარტიც ცნობიერების ამაღლების დღედ სწორედ ამ 21-ე ქრომოსომის გასამების გამოა არჩეული.

    ბავშვები შეხვედრაზე სიმბოლურად ჭრელი წინდებით იმყოფებოდნენ, რადგან გარდა იმისა რომ წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს, იგი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის სიმბოლოა.

    მაცაცო ნარიმანიძემ საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 4 დაუნის სინდრომის მქონე მოსახლე და მათთან ურთიერთობისას, ყოველთვის აქცენტი უნდა კეთდებოდეს პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე, რადგან ისინი ყველაზე თბილი და ემოციური ადამიანები არიან.

    "აუცილებელია ინფორმაციის სწორად მიწოდების გზით აღმოიფხვრას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რადგან სწორედ გაუცნობიერება იწვევს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    შეხვედრის ბოლოს კი მონაწილეების მიერ ერთობლივად შექმნილი ფერადი ბანერებისა და ჭრელი წინდების ფონზე სიმბოლური ფოტო-აქცია "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" მოეწყო.