მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს, 2025 წლის ბოლომდე სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 900 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 500 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.