ნოემბერი
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში 31 წარჩინებული მოსწავლე პორტატული პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.
პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებმაც 2021-2022 სასწავლო წელს საბაზო საფეხური - VII, VIII და IX კლასები - წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა, დამრგვალების გარეშე.
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა. ღონისძიებას მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და სხვა პირებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა უნდილაშვილი, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი. მათ მოსწავლეებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და სამომავლოდ კიდევ არაერთი წარმატება უსურვეს. ამასთან, აღნიშნეს, რომ პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა მაღაროსკარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზისავარ თურმანაული, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან "დამსახურებული მასწავლებლის" ჯილდო გადაეცა.
ცნობისათვის, პორტატული კომპიუტერები ქალაქ დუშეთის N1 და N2 საჯარო სკოლების, დაბა ჟინვალის და დაბა ფასანურის, სოფელ ბარისახოს, აბანოსხევის, ბულაჩაურის, ლამოვანის, პირმისაანთკარის, საკრამულის, ჭილურტის სკოლების მოსწავლეებს გადაეცათ.