ივლისი
28 ივლისს ჩეხურმა ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-მა დუშეთის კულტურის სახლში გამართა პრეზენტაცია პროექტისა „დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა“. ღონისძიებაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, "ფიფლ ინ ნიდ"-ის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
პროექტს - „დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა“ - მხარს უჭერს ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტი მიზნად ისახავს დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობას, კერძოდ, ახალგაზრდებისთვის სოციალური სერვისების განვითარებას, ახალგაზრდების ადამიანური, სოციალური და ეკონომიკური კაპიტალის განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.
პროექტის განხორციელების შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნება პირველი მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც დანერგავს საუკეთესო სტანდარტებს ახალგაზრდული საქმიანობისათვის და გაუზიარებს გამოცდილებას სხვა მუნიციპალიტეტებს.
ახალგაზრდობის სააგენტო ხელს შეუწყობს ადგილობრივი ახალგაზრდული მუშაკების განვითარებას და დაინერგება ახალგაზრდული სერვისები. ასევე, დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის ამოქმედდება კარიერული მხარდაჭერისა და კონსულტირების სერვისები.
"ფიფლ ინ ნიიდ" იქნება ტექნიკური მხარდამჭერი პროექტის ყველა ეტაპზე, მათ შორის - ქალაქ დუშეთში ახალგაზრდული ცენტრისა და მობილური ცენტრის აღჭურვისას.