აპრილი
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტეში, საკრებულოს დეპუტატებთან, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
საუბრის მთავარი თემა სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს ეხებოდა. ასევე, განიხილეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული დასაქმების მასშტაბური პროგრამა. თემასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, იმ სოციალურად დაუცველ პირთა რიცხვი, რომლებიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე საქმდებიან, კვლავ ზრდადია. მათ შორის არიან შშმ პირები.
შეხვედრებს, აგრეთვე, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, ზრუნვის სააგენტოს რეგიონალური ცენტრისა და რეგიონალური სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები - ლალი უნდილაშვილი და მაკა ხამხაძე. მათ დამსწრე საზოგადოებას არსებული სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამა-ქვეპროგრამებისა და ამ კუთხით, 2023 წელს არსებული სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის დასასრულს, გოჩა ქავთარაძემ, საკითხის ირგვლივ, ადგილობრივი ხელისუფლების, განსაკუთრებით კი მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აუცილებელია თითოეული თქვენგანის აქტიურობა, კოორდინირებული და ინტენსიური მუშაობა, რათა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ყველა იმ პროგრამის შესახებ, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ.“ - განმარტა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.