• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    ივლისი
    დუშეთში ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის დღე აღინიშნა

    3 ივლისს, ქ დუშეთის ცენტრალურ ბულვარში, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის დღე აღინიშნა, რომელსაც ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.

    ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის დღისა და მეფე მინდაუგასის კორონაციის დღის აღსანიშნავად გაიმართა კონცერტი, სადაც თავისუფლებისა და ისტორიის მნიშვნელობა მუსიკისა და სიმღერების საშუალებით იყო გადმოცემული.

    აღნიშნული თარიღი ლიეტუვის რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. რომელიც რომის პაპის კურთხევით 1253 წელს ლიეტუვის დიდი თავადის – მინდაუგასის ქვეყნის მეფედ გახდომის ფაქტს უკავშირდება. ამ დღეს ქვეყანა ევროპის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ამიტომაც არის, რომ ლიეტუვის რესპუბლიკაში თარიღი ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება და მას სახელმწიფოებრიობის დღე ეწოდება.

    ლიეტუვური ფოლკლორული სიმღერები შეასრულა ლიეტუველმა ვოკალისტმა ვირტუოზ საქსოფონისტთან ერთად. ფოლკლორული სიმღერების ხელოვანმა ვერონიკა პოვილიონიენემ და საქსოფონისტმა პეტრას ვიშნიაუსკასიმ შექმნეს უნიკალური და დასამახსოვრებელი საღამო.

    ვერონიკა პოვილიონიენე არის ყველაზე ცნობილი ლიეტუველი ფოლკლორული მომღერალი, რომელიც გახდა ეროვნული კულტურის ექსკლუზიური სიმბოლო. მის რეპერტუარში შედის თითქმის ყველა ტიპის ლიეტუვური სიმღერა. ხოლო, საქსოფონისტი პეტრას ვიშნიაუსკასი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიეტუველი ჯაზის შემქმნელი, შემოქმედებითი მუსიკოსი და ვირტუოზი საქსოფონისტია. მუსიკოსი, რომელსაც შეუძლია ჯაზის სხვადასხვა სტილის შერწყმა და თავის შემოქმედებაში ფოლკლორის ელემენტების მუდმივად ჩართვა. მისი შესრულება ყოველთვის განსხვავებულია - იმპროვიზაცია, სპონტანური იმპულსი.

    ლიეტუვის სახელმწიფოებრიობისადმი გამართულ კონცერტში ასევე, მონაწილეობდა ანსამბლი „ქალილო“, რომელმაც სტუმრებს გააცნო თავისი ხელოვნება. ანსამბლმა მსმენელის დიდი ყურადღება, მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ანსამბლმა „ქალილომ“ ლიეტუველ ვოკალისტთან და საქსაფონისტთან ერთად შეასრულა რამოდენიმე მუსიკალური ნომერი.