იანვარი
იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი 143 წლის გახდა
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში საზეიმო საღამო გაიმართა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
საზეიმო საღამოზე, ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად იმყოფებოდნენ საპატიო სტუმრები, მათ შორის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურის პალატის დახმარებით დუშეთის კულტურის სახლის შენობაში თეატრის ვარსკვლავი გაიხსნა, ასევე, მოეწყო თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა, ხოლო შეკრებილ საზოგადოებას თეატრის დასმა, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით, დადგმული სპექტაკლის ინსცენირება წარუდგინა. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვულოცავ 143 წლის ისტორიის მქონე თეატრის იუბილეს და განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს თეატრი დღემდე მოიტანა - არაჩვეულებრივ მსახიობებს, რეჟისორებს და მაყურებელს... დღევანდელი დღე ქალაქ დუშეთისთვის ნამდვილად განსაკუთრებულია - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში მოქმედ სახალხო თეატრთა შორის. საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო სცენისმოყვარეთა კოლექტივების ჩამოყალიბება, ხოლო ქ. დუშეთში, სწორედ ამ პერიოდში - 1880 წლის 20 იანვარს, დაფუძნდა პირველი სახალხო თეატრი, პირველ სპექტაკლად კი გიორგი ერისთავის ,,გაყრა'' აირჩიეს, რომელშიც მთავარი როლი ნატო გაბუნიამ შეასრულა.
დუშეთის თეატრის სპექტაკლებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ქართველი სცენის დიდოსტატები: ვასო აბაშიძე, დუშეთში დაბადებული მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გაბუნია, დიმიტრი ჩარკვიანი, ალექსანდრე კავსაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, იაკობ ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე და სხვები.
1959 წელს დუშეთის დრამატულ დასს ოფიციალურად მიენიჭა სახალხო თეატრის წოდება, ხოლო 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო არტისტის – იაკობ ტრიპოლსკის, სახელი.