მერიის სიახლეები
იანვარი
დღეს სახალხო პოეტის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,,შეფიცულთა რაზმის'' წევრის, საქართველოს ეროვნული გმირის, მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
თარიღთან დაკავშირებით, სოფელ ჩარგალში მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი კაპანაძე და გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მისი მოადგილე ვასილ წიკლაური ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა მიხა ხელაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ქართული საბრძოლო ხელოვნება ,,ხრიდოლის'' მიერ გაიმართა ტრადიციული რიტუალი, ანსამბლმა "ქალილომ" საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ამასთან, მიხა ხელაშვილის ლექსები წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და პატარებმა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა 25 სარიტუალო გასროლა შეასრულა.
"მიხა ხელაშვილის ლეგენდად ქცეული პიროვნება გახდა ერთ-ერთი საფუძველი დღევანდელი საქართველოსი. იგი თავისუფლებისათვის იბრძოდა და ამ მიზანს შეწირა ძალიან ახალგაზრდა სიცოცხლე, მისი სახით კი სამშობლომ კიდევ ერთი ეროვნული გმირი შეიძინა" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
მიხეილ (მიხა) ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს, უკანაფშავის სოფელ ახადში დაიბადა. მისი პოეზიის თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებით გამოირჩევა. ის არის ავტორი პოპულარული ლექსისა „ლექსო, ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, მის მშობლიურ ფშავში.
1922-1924 წლებში მიხა ხელაშვილი ფშავსა და ხევსურეთში, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ, შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობდა.
გავრცელებული ვერსიით, საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მისივე მეგობრებმა მოკლეს. სხვა ვერსიით, დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.
მიხა ხელაშვილი ჩარგლის სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას
2022 წლის 9 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.