ივნისი
ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით,
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი დემნა ხელაია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, თეიმურაზ ბექაურს, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებსა და თვითმმართველობების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
შეხვედრაზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე, პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.
*აღნიშნული ვეტერინარული მომსახურება ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის N43-ში ჩატარდება 7-8 ივნისს, ქალაქ დუშეთის ცენტრში - 14-15 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ცენტრში - 20-21 ივნისს.*
პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცოფის დაავადების გავრცელების პრევენციის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ღონისძიებები ხელს შეუწყობს:
ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას;
ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას;
დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას;
ცოფის გავრცელების პრევენციას.


