• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    მარტი
    სახელმწიფოს მხარდაჭერით, დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების ახალი საწარმო ამოქმედდა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ ენერგოეფექტური ღუმელების ახლადგახსნილი საწარმო მოინახულეს.

    კომპანიამ „ესკო-ესი“ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 1,5 მლნ ლარია, ხოლო 500,000 ლარი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღო. კომპანია, როგორც მწარმოებელი, ჩართულია „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების" პროგრამაში.

    სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილ ახალ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია 5-წლიანი პროექტის ფარგლებში 33 ათასი ღუმელის დამზადებას და საქართველოს სრულად მოცვას გეგმავს.

    ენერგოეფექტიანი ღუმელების გასათბობად გამოიყენება თხილისა და კაკლის ნაჭუჭისგან დამზადებული ბიომასა, რაც ხელს უწყობს გარემოში ემისიების შემცირებასა და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

    UNDP-ისა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამების ხელშეწყობით, პროგრამის „განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და ყოფის გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, კომპანია „ესკო-ესი“ ახორციელებს სოციალურ პროექტს „სითბო ყველას“, რომელიც ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ღუმელების უსასყიდლო გადაცემას.

    აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ენერგოეფექტური წარმოების მხარდაჭერის მიმართულებით გაცემულია გრანტი 600,000 ლარზე მეტის ოდენობით, ამავე მიზნობრიობით გაცემული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ოდენობა 1,7 მლნ ლარს აღემატება.

    ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ავსტრიის საელჩოს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.