მაისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ სამუშაოებს აგრძელებს ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და მიმდებარე სოფლებში – ქვემო არანისსა და ბიჩნიგაურში.
დუშეთში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია და საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა 80 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარები, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი და დამონტაჟდება 4 557 აღრიცხვის კვანძი. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებსა და არსებულ რეზერვუარებს. პროექტის ღირებულება 37 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, დუშეთის, ჟინვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ქალაქ დუშეთის ქუჩებში.
დროებით შექმნილი დისკომფორტის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის და უსურვებს მშვიდობიან მგზავრობას!


