სექტემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა ცხელი ხაზი, რომლის მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელება.
ცხელი ხაზის საშუალებით შესაძლებელი იქნება, როგორც დღის, ასევე საღამოს და ღამის საათებში სამართალდარღვევების გამოვლენა და ოპერატიული რეაგირება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეტყობინების მიზნით, ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებას შეძლებთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს - ☎️ +995 706 06 05 67.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ კანონშესაბამის რეაგირებას სხვადასხვა სამართალდარღვევაზე. მათ შორის:
დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების,
ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების,
დასახლებებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობის,
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯების, მწვანე ნარგავების დაზიანების/ განადგურების, გზის საფარის დანაგვიანება/დაზიანების და სხვა ფაქტებზე.
მერიის თანამშრომელი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში კი ადგილზევე შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა).